ქართული (Georgian) English

დასაწყისი

ჩვენი საწარმოს ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. 1962 წელს, სწორედ მაშინ, როცა თბილისში მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობდა, საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიისა და დიდი მასშტაბების მიუხედავად (60-80-იან წლებში საბჭოთა და მსოფლიო ბაზარზე გასული ქართული ღვინის 10 ბოთლიდან 9 აქ იწარმოებოდა), ქარხანა მაინც საბჭოთა მეღვინეობის ნაწილად რჩებოდა პოსტსაბჭოთა წლებშიც კი, სანამ 1999 წელს ყველაფერი არ შეიცვალა და არ შეიქმნა ახალი ფილოსოფია, რომელიც დღესაც იხვეწება და ზუსტდება.

ახალი ფილოსოფია

ამ ფილოსოფიის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ “თბილღვინო” უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი საწარმოს მიერ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლზე, ვენახიდან – მომხმარებლამდე ღვინის წარმოების ყოველი ეტაპისთვის უნდა გვედევნებინა თვალყური, რათა ხარისხიანი ღვინო მიგვეღო. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მხოლოდ მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოება არ ყოფილა, “თბილღვინოს” მთავარი ამოცანა იყო, საწარმოს იმ დროისთვის არსებული მოთხოვნებისთვის ეპასუხა, ანუ შეგვექმნა იმ სტილის ღვინოები, რაზეც მაშინ პირველად გაჩნდა მოთხოვნა. ეს იყო ახალი ქართული ღვინის დაბადების წლები, მაშინ პირველად შეიცვალა უკეთესობისკენ ქართული ღვინის იმიჯი, რომელიც უკანასკნელი 10-20 წლის მანძილზე იყო შექმნილი.

პირველი რთველი

1999 წელსვე ჩვენ პირველი რთველი ჩავატარეთ, საწარმოს ისტორიაში პირველად ჩავედით კახეთში, რათა უშუალოდ გვედევნებინა თვალყური რთველისთვის, ამოგვერჩია და მიგვეღო ხარისხიანი ყურძენი. ვიქირავეთ პირველადი ღვინის ქარხანა... ამით ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ საწარმოო პროცესი უნდა დაიწყოს ყურძნიდან და არა ღვინომასალებიდან, როგორც ეს ადრე იყო. აუცილებელი იყო შეგვექმნა ჩვენი ღვინომასალები, რის გამოც უფრო მეტად ვიქნებოდით დარწმუნებულნი ჩვენს თავში და ჩვენს ნამუშევარში. ღვინო ვიზუალურადაც შეიცვალა, სხვა ბოთლი, სხვა ეტიკეტი, სხვა ღვინო. გაჩნდა ახალი დასახელებები. 2000 წელს სწორედ ამ ახალი სახითა და ახალი ასორტიმენტით წარსდგა “თბილღვინო” ქართულ ბაზარზე.

საუკეთესო წელი

2002 წელს განსაკუთრებული მარაგის პირველი ღვინოც გამოვიდა (საფერავი), რომელსაც 2004-ში მუკუზანი და წინანდალი დაემატა და 2004-შივე შეიქმნა ალტერნატიური სავაჭრო ნიშანი, “საქართველოს ველები”, რომელმაც 7 ყველაზე გაყიდვადი ქართული ღვინო მოიცვა (დღეს მისი ასორტიმენტი 21-მდე ღვინოს ითვლის). ბაზრების რაოდენობა იზრდებოდა და თითოეულ ბაზარზე მატულობდა ჩვენი ცნობადობაც. ამ მხრივ, 2005 წელი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი საწარმოს ისტორიაში. ამ წელს “თბილღვინოს” გაყიდვებმა პიკს მიაღწია (1,5 მილიონი ბოთლი).

ემბარგო და ახალი გზები

რუსული ემბარგოს გამო 2006 წელი “თბილღვინოსთვისაც” ძალზე რთული იყო, ისევე, როგორც ყველა ქართული ღვინის საწარმოსთვის. რუსეთი მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 50% შეადგენდა და ძირითადი აქცენტიც სწორედ ამ ბაზარზე კეთდებოდა, მაგრამ ძალიან მალე შევცვალეთ სტრატეგია და შევეცადეთ თითოეული ამ ბაზრისთვის ინდივიდუალური დრო და ყურადღება დაგვეთმო. 2006-2007 წლებში ჩვენ ვცდილობდით რუსეთის ბაზრის ხარჯზე დაკარგული პოზიციები აღგვედგინა და 2008 წლის მონაცემებით იგივე მოცულობები აღვადგინეთ, რა მოცულობითაც 2005 წელს ვყიდდით ღვინოს. პრობლემის ასე მალე გადაწყვეტა ძირითადად გაყიდვების დივერსიფიცირებული გეოგრაფიის წყალობით მოვახერხეთ, “თბილღვინო” ჯერ კიდევ 2005 წელს 18 სხვადასხვა ბაზარზე იყო დამკვიდრებული და პოზიციების დაბრუნებაც ამიტომ გაგვიადვილდა.

2008 წელი

2008 წელი კიდევ ერთი რამით იყო ძალზე მნიშვნელოვანი “თბილღვინოსთვის”. ჩვენ დავასრულეთ საწარმოს რეკონსტრუქცია, შეიქმნა ღვინომასალებისა და ჩამომსხმელი საამქროები, ახალი ლაბორატორია, ჩამოვიტანეთ ახალი სამაცივრო დანადგარები და ახალი ჩამოსხმის ხაზი. თუკი თავიდან განლაგებული ვიყავით 5 ჰექტარზე და 8 სხვადასხვა შენობაში მიმდინარეობდა საწარმოო პროცესები, ახლა დაახლოებით 1 ჰექტრამდე შევამცირეთ ეს ფართობი, რამაც კიდევ უფრო გაადვილა საწარმოო პროცესი.

საერთაშორისო აღიარება

საინტერესოა “თბილღვინოს” საერთაშორისო აღიარების მოკლე ისტორიაც. ჩვენმა ღვინოებმა 2006 წელს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს. სწორედ ამ წელს გამოვეთხოვეთ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის პრემიებსა და ჯილდოებს და ეს გამოთხოვება საკმაოდ პარადოქსული იყო. საქმე ისაა, რომ მარტში, ზუსტად იმ დღეებში, როცა ონიშჩენკომ ქართულ ღვინოზე ემბარგო გამოაცხადა, მოსკოვში ჩვენი ღვინო პრემიით აღინიშნა (გაზეთ “ვინნაია კარტას” პრემია). ჩვენი კომპანიის ღვინოები ზედიზედ გახდნენ IWSC-ს, Decanter-ისა და სხვ. ცნობილი პრემიების ლაურეატები. თუკი 2006-ში ჩვენ 2 მედალი გვქონდა, 2007-ში მედლების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, 2008-ში 11-მდე, 2009-ში უკვე 14 მედალი გვაქვს მოპოვებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენებზე.

”თბილღვინო” ძალზე აქტიურად იყენებს თანამედროვე უცხოელი მეღვინეების გამოცდილებასაც. ჯერ კიდევ 2002 წლიდან მოყოლებული  “თბილღვინოს” ღვინოების სტილის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ავსტრალიელი, ფრანგი და იტალიელი მეღვინეები, რომლებიც თავისი განუმეორებელი ღვინის ფილოსოფიით გამოირჩეოდნენ. ჩვენი ღვინის სტილის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდნენ: ფრანგული წარმოშობის ავსტრალიელი მეღვინე დევიდ მორისონი, იტალიელი კარლო არნულფო, ავსტრალიელები, ნიკ სპენდერი და ჯეფ ასტონი

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009