ქართული (Georgian) English

რქაწითელი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. კახეთის გარდა იგი ფართოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან – ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე. მაღალხარისხიანი ღვინოების მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს. რქაწითლის ჯიშიდან საქართველოში დგება უმაღლესი ხარისხის კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები, როგორც სუფრის, ასევე მხარისა და ადგილწარმოშობის. ხშირად გამოიყენება კახური მწვანის ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში. რქაწითლისგან ასევე მზადდება სადესერტო ღვინოები და აისვაინები. საუკეთესო მიკროზონებია: კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული.

რქაწითლიდან ჩვენ რამდენიმე დასახელების ღვინოს ვაყენებთ: პირველ რიგში ესაა ჯიშური ღვინო “რქაწითელი”, ასევე ადგილწარმოშობის ღვინოები, “წინანდალი” (მწვანესთან ერთად), “გურჯაანი”, “ვაზისუბანი”. სუფრის და მხარის თეთრი ღვინოები, “საჩინო”, “ალაზნის ველი”, “თბილისი”. რქაწითელი გამოიყენება ასევე წითელი “ალაზნის ველის”, “საჩინოს”, “ფიროსმანისა” და “თბილისის” დაყენებისასაც.

მწვანე კახური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გეოგრაფიული დარაიონების მიხედვით ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 5-8 ტონას აღწევს. მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაზის საშუალო დატვირთვის შემთხვევაში მიიღება. კახური მწვანის ჯიშიდან დგება უმაღლესი ხარისხის კლასიკური (ევროპული) და კახური ტიპის (ქვევრის) ღვინოები, როგორც სუფრის, ასევე მხარისა და ადგილწარმოშობის. საუკეთესო მიკროზონები: მანავი, წინანდალი, ახმეტა.

კახური მწვანეს ღვინომასალას ვიყენებთ რქაწითელთან კუპაჟში „წინანდალსა“ და „წინანდალი – Special Reserve“-ში.

საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია კახეთის მევენახეობის ყველა რაიონში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. საფერავის ნარგავებს ვხვდებით საქართველოს გარეთაც. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ხოლო რთველი ოქტომბრის მეორე ნახევრამდე გრძელდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 8-10 ტონას აღწევს. საფერავიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით (როგორც სუფრის, ასევე ადგილწარმოშობის ღვინოები). საფერავი ასევე გამოიყენება ბუნებრივად ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საუკეთესო მიკროზონები: მუკუზანი, ახაშენი, ხაშმი, ქინძმარაული, ნაფარეული, ყვარელი, კონდოლი.

“თბილღვინო” საფერავის შესაძლებლობებს ძალზე ფართოდ იყენებს. გარდა თავად “საფერავისა”, ამ ჯიშიდან ჩვენ ვწურავთ ადგილწარმოშობის ღვინოებს, “მუკუზანს”, “ნაფარეულს”, ნახევრადტკბილ “ქინძმარაულს” და “ახაშენს”. გარდა ამისა საფერავი გამოიყენება ღვინოებში “ალაზნის ველი”, “საჩინო”, “ფიროსმანი” და “თბილისი”. საფერავიდან დგება ასევე ჩვენი პრემიალური ღვინოები: “საფერავი - Special Reserve”, და “მუკუზანი - Special Reserve”.

ცოლიკოური

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ეკუთვნის იმერეთის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ფართობის მიხედვით, რქაწითლის შემდეგ, მას მეორე ადგილი უკავია საქართველოში. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. საგვიანო პერიოდისაა, დასავლეთ საქართველოში ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევარში მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 7-9 ტონას აღწევს. ცოლიკოურიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი, ცქრიალა და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები. საუკეთესო მიკროზონები: ბაღდათისა და ზესტაფონის რ-ნი, სოფ. ტვიში.
ცოლიკოურს ჩვენ მხოლოდ ტვიშის მიკროზონაში ვკრეფთ, საიდანაც ვწურავთ ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილ თეთრ ღვინოს, „ტვიშს“.

ალექსანდროული

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად გავრცელებულია რაჭის რეგიონში. საშუალოზე გვიანი პერიოდისაა, რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი ოქტომბრიდან მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 5-6 ტონაა. რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში მისი და მცირე რაოდენობით მუჯურეთულის ჯიშის ღვინომასალების კუპაჟიდან მიიღება ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“. ალექსანდროულიდან იწურება ასევე უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო.

ალექსანდოულსაც მხოლოდ „ხვანჭკარისთვის“ ვიყენებთ.

ოჯალეში

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში. საუკეთესოდ ითვლება მარტვილისა და სენაკის რაიონებში მოყვანილი ყურძენი, მოყავთ ლეჩხუმშიც. ძალზე გვიანი პერიოდისაა, სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 5-6 ტონაა. ოჯალეშიდან მზადდება ძალზე მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი წითელი ღვინოები.
ლეჩხუმის რაიონში დაკრეფილი ოჯალეშიდან (იგივე ორბელური) ჩვენ ვამზადებთ ნახევრადტკბილ ღვინოს “ოჯალეშს”.

მუჯურეთული

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. საშუალოზე გვიანი პერიოდისაა, რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 6-8 ტონაა. ალექსანდროულთან ერთად ძირითადად “ხვანჭკარის” დასამზადებლად გამოიყენება.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009